10 ივლისი

ერთ-ერთი მაგარი რამ, რაც "ვეფხისტყაოსანს" გამოჰყვა ამ საუკუნეების განმავლობაში, არის ის, რომ მას ჰყავდა ინტერპოლატორები. ანუ ადამიანები, რომლებიც შიგნით პოემაშივე წერდნენ.
ერთი შეხედვით, ეს ჩვეულებრივი ამბავია შუა საუკუნეებში, მაგრამ არ მგონია, სტამბის გამოგონების შემდეგ ხშირი იყოს. გადამწერლებს უფრო ადრე ჰქონდათ ეს თვისება ტექსტის შევსებისა, სიახლით, თუ უბრალოდ თავიანთი აზრებით გამდიდრებისა. ხელნაწერებზე მინაწერებისა და ასე დაუსრულებლად.
ეს სულაც არ არის გასაკვირი რამ.
სულხან-საბას უწერია, ლექსიკონს რომ ვადგენდიო, ერთი მღვდელი იყოო, თუ არ ვცდები, იობი ერქვა, და სულ მლანძღავდაო, რას აკეთებსო, ცუდ სიტყვებს წერს შიგო. ყველაზე ნასწავლი და კალიგრაფი მღვდელი იყოო და, როცა მოვრჩი ამ საქმეს, ამ მღვდელს მივეცი გადასაწერადო და, როცა გადაწერა, ნახე რა ქნაო: სადაც ჩემი სახელი ეწერა, ყველგან თავისი ჩაწერაო.
ასეც ხდებოდა და ეძებე მერე ავტორი.
გადამწერელი ცოტათი ავტორადაც გრძნობდა თავს. ანუ ავტორი ვერ იყო ისეთი ავტორული, დღეს რომ არის. რაღაც ხელოსანსა და ხელოვანს შუა მოძრაობაა, სტადიის მსგავსია.
აბა, ტყუილად ხომ არ არსებობს "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დამდგენი კომისია. მთელი სამეცნიერო დაწესებულებაა, რომელიც "ვეფხისტყაოსანს" ასუფთავებს ნაყალბევი სტროფებისგან და მთელი გვერდებისგან, გვერდებისგან კი არა, თავებისგანაც.
ერთი ცალკე წიგნიც არსებობს, რომელიც ადრე მინახავს და გადამიფურცლავს, იქ მთელი ეს ნაყალბევი სტროფებია თავმოყრილი.
მეცნიერებში, ალბათ, კამათია ნამდვილ და ნაყალბევ სტროფებზე. ინდო-ხატაელთა ამბავი და ასე დაუსრულებლად.
"ვეფხისტყაოსნის" შიდა ტერიტორიაზე მომუშავე ხალხისგან სახელიც შემორჩა, ნანუჩა ციციშვილი. არჩილ მეფე ამბობს, რომ ბევრი ჩაურია შიგაო. დიდად საოცარი კაცი იქნებოდა ეს ნანუჩა.
სტალინმა ერთი სტროფის რუსულად თარგმნით შემოფარგლა თავისი თანამონაწილეობა ტექსტში. ჰგავს, არა? ნანუჩობაა რაღაცნაირი, შენიღბული. ხედავთ, რა ამბიცია ჰქონია? ნანუჩა კიდევ – სრულიად საოცარი ქართველი. მთლიანად შევიდა. ეტყობა, რაც შეიძლო, ჩაამატა და ჩაამატა.
სხვანაირად რომ ვთქვათ, ქართველი არისტოკრატია გვარიანად ნასიარულებია "ვეფხისტყაოსანში", არა მხოლოდ ოცნებით, არამედ კალმით, დაზომებით, დატოლებით, შიგნით ხმლის ქნევით, ორმოების თხრით და სხვა ათასი რამით. ეს, შუა საუკუნეების გადამწერთა შორის გავრცელებული ქმედება, "ვეფხისტყაოსნის" შემთხვევაში, შესაძლოა, სხვაგვარი იერისაც იყოს.
"ვეფხისტყაოსნის" ტექსტში საკუთარი სტროფებით ჩარევა არ არის მხოლოდ იმის სურვილი, რომ ისტორიული ქრონიკა გაამდიდრო, ახალი ცნობა, ან შენი სუბიექტური აზრი მიაწერო სხვა მემატიანის ნაწერს. არც ის არის მხოლოდ, რომ გადამწერის სახელი უკვდავყოს.
მგონი, "ვეფხისტყაოსანში" ლექსების ჩაწერა ერთის მხრივ, განასახიერებს სიდიადეში თანამონაწილეობის სურვილს, მეორეს მხრივ, შეუგუებლობას არსებულ სინამდვილესთან, მესამე მხრივ, საკუთარ თავში დარწმუნებულობას და უკიდეგანო ამპარტავნებას და, მეოთხეს მხრივ, გარესამყაროსთან ჭიდილში აშკარა უძლურებას.
პირდაპირ ნანუჩაში და სხვა ასში და ორასში კი არ არის საქმე, საზოგადო სურვილში, რომ "ვეფხისტყაოსანში" იყო.
მგონი, ადრე ვირტულაური თამაში ვახსენე.
"ვეფხისტყაოსანში" ლექსების ჩაწერა, რაღაცით აშორდიას აზნაურობასაც კი ჰგავს: ცხოვრება სხვაგან მიდის, ხდება რევოლუციები, რუსთ ხელმწიფის ტახტი ირყევა, ამ დროს კი ქართველები ფულს უხდიან სოლომონ აშორდიას, რომ მან მათ აზნაურული წარმომავლობის საბუთები შეუდგინოს.
რა თქმა უნდა, ყოფითად, აშორდიას აზნაურობას სხვა მნიშვნელობა ჰქონდა: შენს შვილს ისეთ სასწავლებლებში მიიღებდნენ, სადაც მხოლოდ "დვორიანსტვოს" შეესვლებოდა, მაგრამ
იდეურად სულ სხვაგან შეიძლება წავიდეთ: ქვეყანა იმისთვის ინგრევა, რომ წოდებრიობა გააუქმონ, შენ კი ნაყალბევ წოდებას ყიდულობ. რაღაცით ჰგავს.
ნანუჩამაც და სხვებმაც ხომ მშვენივრად იცოდნენ, რომ ეს არის ხელით ქმნილი საუკეთესო რამ, რაც მოსდევს საქართველოს მთელი საუკუნეების განმავლობაში. არა მხოლოდ იცოდნენ, არამედ შინაგანად აღიარებდნენ კიდეც ანუ ბოლომდე შესისხლხორცებული ჰქოდნათ, რომ ეს ასეა: ამაზე უკეთესი, არც შეიძლება რომ რამე იყოს.
ჰოდა, ამ უკეთესში მონაწილეობა. მგონი, რაღაც ამგვარი სურათია.
სურათები ბუნდოვანია და ჩამოუქნელია, მაგრამ მიმართულება, მგონი, სხვა არ არის.
მეცნიერი ხომ არ ვარ, მაგრამ, რომ ვკითხულობ, უცებ გავიფიქრებ: ეს არ იქნება რუსთაველის დაწერილი. ზოგჯერ, ისეთ რამეებზე გავიფიქრებ, რომ ვერც გავამხელ.

11 ივლისი

ძალიან მიზიდავს ეს ვირტუალური თამაშის სურათი. მგონი გამონაგონი მომეწონა და, მეც რაიმე ნანუჩობა არ დამემართოს, იმას ვფიქრობ. ამიტომ ისევ უბრალოდ ჯობია.
რაც უფრო აქეთ მოდიოდა საქართველო მეთორმეტე საუკუნიდან, მით უფრო უბედურდებოდა, უდაბურდებოდა და ყოფის ანაბარა რჩებოდა. შეიძლება უბედურება არ დავარქვათ, მაგრამ, უკეთეს შემთხვევაში, ეს ადგილის ტკეპნა იყო. უფრო სწორად კი, როგორი ადგილის ტკეპნა იყო, იცით? აი, ასი ნაბიჯით უკან რომ დაიხევ და იქ ტკეპნი ადგილს, მერე კიდევ ასით და იქ ტკეპნი. ტკეპნი და ტკეპნი, ოღონდ არა იქ, სადაც ოდესღაც იყავი, არამედ სადღაც დაბლა. წინ წასვლა არ გამოდის.
ომის დროს კაცი რომ გორაკს დაიჭერს, იქ, რაც მეტს გატკეპნის ადგილს, უკეთესია, მერე ეგებ მოღონიერდეს და სხვა გორაკიც დაიჭიროს. იქედან რომ ჩამოაგდებენ, გორაკის ძირში რამდენიც არ უნდა ტკეპნოს, ხეირი არ იქნება.
ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც იყო, ვთქვათ, საქართველოს სამეფოები მეჩვიდმეტე საუკუნეში, ანდა მთლად მეთვრამეტეში, სადაც ორმოც ლეკს შეეძლო, მცხეთამდე ისე მოსულიყო და ბებრის ციხე ისე დაეჭირა, რომ გზად, წინაღობა კი არა, უბრალოდ კაცი არ შეხვედროდა, "ვეფხისტყაოსნის" მნიშვნელობა არის განუზომელი.
მეჩვიდმეტე საუკუნეს კიდევ რა უჭირს, იქ ყველაზე რთულ ქართველ მეფეს, ყველაზე უბედურს და სივერაგით დროის შესაბამისს, თეიმურაზს რუსთაველი ახსოვდა. თეიმურაზი პოეტი იყო.
საინტერესო ესეც არის, რას ფიქრობდა "ვეფხისტყაოსანზე" გიორგი სააკაძე. სააკაძის მნიშვნელობაზე აღარ მოვყვები. სულ სხვა მხარეს წავალ. უბრალოდ, ერთი ამბავი გამახსენდა: ლუარსაბ მეორეს რომ სააკაძის მოკვლა გადააწყვეტინეს და მსხვერპლი წავკისში დაიბარეს, იქ მისულ მოურავს მეფის ფარეში ბააკა ხერხეულიძე დაუხვდა და გააფრთხილა, ასეა და გაიქეციო. სააკაძე უუნაგირო ცხენს მოახტა და გააჭენა. აქედან დაიწყო საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი და ეგებ ყველაზე სისხლიანი ამბავი.
ბააკას ცხვირი მოსჭრეს.
მაგრამ აქ საინტერესო ის არის, რასაც ერთ-ერთი მემატიანე წერს. მთელი ჩვენი უბედურება აქედან დაიწყოო. ეს პირველად იყო, რომ მსახურმა პატრონს უღალატაო. ანუ, ბააკამ – მეფეს.
შერმადინმა ავთანდილის მხარე არ დაიჭირა.
აბა, როდის არის გაცოცხლებული უღონო გლახის ნაამბობში ავთანდილისა და შერმადინის ამბავი? ამ ისტორიიდან ორას ორმოცდაათი წლის შემდეგ. ეგ არი, ბიჭო, შენი შერმადინობაო?
როგორი ავთანდილიც შენ იყავიო... და ასე შემდეგ. ანუ, ფუტლიარიაღა დარჩენილა.
სარგის კაკაბაძეს ერთგან გაკვრით უწერია, სიმონ მეფე იყო უკანასკნელი წარმომადგენელი რაინდულ საქართველოსიო. სიმონი ლუარსაბ მეორის ბაბუა იყო.
რაინდულ საქართველოსი ანუ "ვეფხისტყაოსნის" საქართველოსი.
მერე მოვიდა სააკაძის დრო და არა რომელიმე მეფისა.თეიმურაზს ახსოვდა "ვეფხისტყაოსანი", მაგრამ ეს უკვე ერთგვარი კულტურული მეხსიერება იყო. სააკაძეს "ვეფხისტყოსანი" არ სჭირდებოდა (არც სახარება, სხვათა შორის), ის სწორედაც რომ დაანგრევდა იმას, რაც "ვეფხისტყოსანი" იყო. არა რაღაც განსაკუთრებული ცუდი კაცობის გამო, არამედ იმის გამო, რომ საჭიროებისდა მიხედვით, ცუდიც იყო და კარგიც. ასევე იყო თეიმურაზიც.
როგორც ეთიმ გურჯი იტყოდა, ვის შევჩივლო, რუსთაველი მკვდარია.
მგონია, რომ ეს ძალიან სერიოზული ფრაზაა და ბარე ორას წელიწადს იტევს.
სიმონის მამა, ლუარსაბ პირველი ნამდვილი რაინდი იყო. სრულიად ნამდვილი. სიმონიც. მგონი, სწორედ მათი დროიდან გამოიკვეთა "ვეფხისტყაოსანი", როგორც ვირტუალური სამყარო ქართული არისტოკრატიისთვის.
აქ იმას კი არ ვგულისხმობ, თითქოს, ქართლის ბოლო ბაგრატიონებამდე ქართულ სამეფოებში ცუდი და უღირსი არაფერი ხდებოდა. ხდებოდა, როგორ არა, იმდენი ხდებოდა, რომ ვერ დათვლი, მაგრამ ეს მაინც რაინდული ეპოქა იყო. აგე, მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისამდე. ამიტომ, "ვეფხიტყაოსანი" ცოცხალი იყო, როგორც არისტოკრატული მორალის ნაწილი.
სხვათა შორის, ნანუჩა რომ ვახსენე, ისიც, მეთექვსმეტე–მეჩვიდმეტე საუკუნეების საზღვარზე ცხოვრობდა: სწორედ იმ საშინელ და მდიდარ დროში. (უცნაურია, მე უფრო გვიანდელი მეგონა და მაინც გადავამოწმე.) იჯდა და წერდა "ვეფხისტყაოსანში" სწორედ იმ ხანებში, როცა ქართულ ქვეყნებში ასეთი სისხლიანი ვნებები ტრიალებდა: ცალკე – გარედან, ცალკე – შიგნიდან. ასეთი ვნებით სავსე დრო, მგონი, საქართველოს არც ჰქონია: მეჩვიდმეტე საუკუნის პირველი ოცდაათი წელიწადი.
ამ დროიდან იქცა "ვეფხისტყაოსანი" ვირტუალურ თამაშად, რომელშიც ქვეყნის უმთავრესი ადამიანები შედიოდნენ და თამაშობდნენ, რადგან გარეთ ამის შესაძლებლობა აღარ იყო.
გაიხსენეთ, როგორ წაართვეს საცოლე ანტონ კათალიკოსს და როგორ აღიკვეცა ბერად. საინტერესო ისტორიაა.
ეს იყო საოცარი ვირტუალური თამაში, რომლის მსგავსიც დედამიწაზე არ მოიძებნებოდა. თუმცა, ეს თამაში არავინ იცოდა, ქართველი დიდგვაროვნების გარდა.
მის აღწერას წიგნი დასჭირდება. აქ ნამდვილად ვერ მოვახერხებ. იმის თქმა კი შეიძლება, რომ ამ თამაშმა უამრავი რამ გადაარჩინა საქართველოში.
თუმცა, მეოცე საუკუნემ თამაში მიივიწყა იმის მიუხედავად, რომ ამდენი და ასე ჭკვინაურად და მეცნიერულად "ვეფხისტყაოსანზე" არცერთ ეპოქაში არავის ულაპარაკია და უწერია.
რაინდობაც ასე არასდროს დამახინჯებულა, ყველაფერს საბრალო ბააკას კი ნუ დავაბრალებთ.

14 ივლისი

მთელს ამ ამბებში მწერალი მაინტერესებს ხოლმე. საერთოდ, წიგნს რომ ვკითხულობ, ხშირად მწერალი უფრო მაინტერესებს, ვიდრე საკუთრივ წიგნი. უფრო სწორად, წიგნს რომ ვკითხულობ, მხოლოდ წაკითხულზე არ ვფიქრობ, არამედ იმაზეც, ვინც დაწერა. ასე თუ ისე ვხვდები ხოლმე, რას ფიქრობდა, როცა წერდა. ტექნიკის და გონების ამბავში. ასევე გადაწყვეტილებებს: რატომ ასე, რატომ ისე არა. ჭადრაკივით არი, რა, აი, კაი პარტიას რომ გაარჩევ და იმას უფიქრდები, ამა თუ იმ განთქმულმა მოჭადრაკემ ოდესღაც რატომ დაძრა სწორედ ეს ფიგურა და იმის შემდეგ ყველა რატომ ძრავს ასე.
წიგნებში ცოტა სხვანაირადაა, რადგან წიგნებში მოგება არ არის საჭირო. სხვანაირად რომ ვთქვათ, იქ სხვა შეჯიბრი არ არის, გარდა ერთისა, დამწერი თავის მოფიქრებულს ებრძვის და უნდა ისე გამოიყვანოს, როგორც თვითონ ხედავს. საუკეთესო შემთხვევებში, სულელი ნამდვილად არ არის, შეიძლება ცდებოდეს, მაგრამ მაინც, როგორც თვითონ ჰგონია, ისე უნდა გააკეთოს.
მგონი ამის ლექსად კეთება გაცილებით ძნელია. გაცილებით კი არა, წარმოუდგენლად.
ჰოდა, ვხვდები ხოლმე, მწერლები რა ტიპები არიან. როგორც ყველაფერს ასეთს, ამ მიხვედრასაც ბუნდოვანება ახლავს, მაგრამ ნამდვილი ღამითაც ნამდვილია: დაინახავ აფრას ღამის ზღვაში და ხვდები, რომ ვიღაც მიცურავს.
ჰოდა, აი, რუსთაველზე მინდა ვთქვა, რომ მიჭირს მიხვედრა.
ერთგვარად ყველაფერი გარკვეულია. ასეთ წიგნს ჩვეულებრივი ადამიანი ვერ დაწერს, თუნდაც, ნიკო მარს დავუჯეროთ და, სიუჟეტი სპარსეთიდან მოიტანოს.
საერთოდ, ამდენი ლაპარაკი სიუჟეტის წარმომავლობაზე დღეს, მგონი, სისულელეა. ყველაფერი საიდანღაც მოდის. ასი წლის წინანდელი ლაპარაკი პლაგიატზე სრულიად ძალადაკარგულია.
ამის მიუხედავად, სიუჟეტი ძალიან მაგარია და არა აქვს აღმოსავლური ჩახვეულობა, მიბრუნება-მობრუნება, გახლართვა, ათასერთღამეობა და ასეთები.
კაცი მიდის, მერე ორი კაცი მიდის, სულ ბოლოს კი სამი კაცი მიდის და საქმეს აკეთებს. ყველაფერი გზაზე ხვდებათ, ფლეშბექები დროული, არა დამღლელი და ასე დაუსრულებლად. მოკლედ, ჩვეულებრივად რომ ვთქვათ, მშვენიერი აწყობილია.
სიტყვის თქვენ იცით. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისის ლექსი არ გესმის და ეს გესმის. მუსიკისაც თქვენ იცით. ამ კაცის ცოდნა-ნაკითხობისა, ხომ ყველამ ვიცით.
ჰოდა, თითქოს ყველაფერი ვიცით. მერე ვიტყვით, რომ გენიოსი იყო და მოთავდა საქმე.
რა მოთავდა, სწორედ მანდ იწყება. მე მაქედან მაინტერესებს.
მაგალითად, რამდენ ხანში დაწერა ეს წიგნი? დღისით უფრო წერდა, თუ ღამით? ძნელი წარმოსადგენია, ფატმანის ამბები ღამით არ იყოს დაწერილი. ასეთ ქალებზე დღისით არ გამოდის. არ გამოდის ისეთი, როგორიც საჭიროა და რა ვქნა?
როგორ წერდნენ ძველი მწერლები? წაკითხული მაქვს, როგორ წერდა რაბლე. როგორ ცხოვრობდა რაბლე. არის ბოკაჩოს წიგნი დანტეზე. ჩვენ ხომ არა გვაქვს ასეთი რამეები. ფიროსმანის საფლავის არ იყოს.
მგონი, ძალიან ადრე იყო რუსთაველი. ქართლის ცხოვრებაში, რაღაცის დეტალი საკმაოდ გემრიელია ხოლმე, მაგრამ საკმაოდ იშვიათი და ძუნწი.
ის ფილოსოფოსი არ არის. მწერალია. ნამდვილი მწერალი. თანამდებობები არ ნიშნავს, რომ რაღაცაში შებორკილი ყოფილიყო. თუ ის მართლა მეჭურჭლეთუხუცესი იყო, ბრწყინვალე
მეჭურჭლეთუხუცესი იქნებოდა. თვლა, ანგარიში და განჭვრეტა მწერლისთვისაც ძალიან საჭიროა. ლექსად წერდა, ესე იგი ითვლიდა.
მგონი, კაი სახალისო რამეებს ვწერ, მაგრამ მინდა, რომ დავინახო, ის კი არ ჩანს.
რკინა, ქსოვილი, ტყავი, ყველაფერი ძალიან ნაცნობი იყო მისთვის. ოქრო, ქვა, წყალი და ისევ ზღვა. ეს ზღვა არ ჩანს ზეპირად დაწერილი, თუმცა, მგონია, რომ მასთან ვერ გაარკევ, რა გამოცდილებითაა ნაწერი და რა წარმოსახვით. მასტერიც ეგ არი, რო ეგრე მოახერხოს.
მისი დრო არ არის ყოფითი დეტალების დრო, იმ დროის ნაწერებში ზღვაზე ქარიშხალი ამოვარდება, მაგრამ ხმელთზე წვიმას ვერ ნახავთ. იმიტომ, რომ ზღვა განსაცდელია და ქარიშხალი სჭირდება, წვიმა კი ვის გაახსენდება? დასველდი და მორჩა.
წიგნები, რომლებსაც ის კითხულობდა. ბევრი ტექსტში ჩანს და გამოკვლეულიცაა, რა წაეკითხა, რაზე მიანიშნებს, რას ფიქრობს. მაგრამ ის ფილოსოფოსი არ იყო. მწერალი იყო და სწორედ ეს მაინტერესებს, გრძნობდა თავს მწერლად? ანდა თუ გრძნობდა, რას ნიშნავდა იმ დროში მწერლად ყოფნა?
მესხეთი იმ დროს საქართველოსთვის ლამის ის იყო, რაც დღეს თბილისია. მესხი იყო? თუ ის მესხი ვიღაც სხვა არის? აბა, რა ვიცი.
ყოფილა ბაღდადში ან დამასკოში? სპარსეთში? ასეთი, ვთქვათ, ან რომელიმე ასეთი ადგილი.
ინდოეთის ოკეანე.
იმ დროის ინდოეთი.
ზურა ქარუმიძემ მომიყვა ამ საღამოს, როგორ იდგა მეუღლესთან ერთად ქალაქ მილუოკიში ავტობუსის გაჩერებაზე ღამით. როგორ გაჩერდა უცებ ტაქსი და გადმოვიდა იქედან მძღოლი, რომელიც პირდაპირ მათკენ წამოვიდა და ჰკითხა, არაბები ხართ? ზურამ უთხრა: არა, ქართველები.  – დასხედით, წაგიყვანთ, – იყო პასუხი. – ისე წაგიყვანთ, ძმურად. და იმ ტაქსისტმა უთხრა: თქვენ არ იცით, რა მნიშვნელობა ძევს არაბისთვის სიტყვაში გურჯი. რას ნიშნავს ეს ჩვენს მეხსიერებაში...
ჩვენ დავკარგეთ ეს სამყარო, ისევე, როგორც იერუსალიმი, სადაც აღმოჩნდა რუსთაველის ერთადერთი პორტრეტი. მგონი, რაღაცეები სულ სხვაგან უნდა ვეძებოთ. ავთანდილი ხომ არაბია. გასაგებია, ვიცით, რომ ეს ხერხია. ეს წიგნი მთელი აღმოსავლეთისთვის არის და მთელს აღმოსავლეთზეა. ჩვენს მაშინდელ სამყაროზე, რომელიც, აშკარად უფრო საინტერესო და დიადია, ვიდრე ჩვენი სამყარო ბოლო ორასი წლის განმავლობაში. რამდენს მოიცავს "ვეფხისტყაოსანი" და ჩვენ კი გაგვიჭირდება რაიმე მოვიცვათ. იმიტომ, რომ ჩვენ დავკარგეთ ჩვენი სამყარო. რაიმე ისტორიულს და გეოპოლიტიკურს კი არ ვამბობ და ასეთ თანამედროვე კვანტისტრიალს, არამედ ბუნებრივ შინაგან სამყაროს.
არ მახსოვს, რომელ არაბ ისტორიკოსს უწერია, ეჰეე, ათი საუკუნის წინანდელს: თბილისი არის ასეთიო, არის მდინარეო, ხიდიო და მოედანიო, ამ მოედნის გარშემო დუქნებიო და შიგ კი, ჰოი ღმერთო, სახეშეუბურავი ქალები სხედან და ამ მთისას და იმ მთისას ამბობენო. ჭორაობენ, ესე იგი.
გარეგნულად, არაფერი შეცვლილა, შიგნით კი... სად არის რუსთაველი?
ცოტა კი გადავუხვიე, მაგრამ მაინც ძალიან მაინტერესებს, ადამიანი, რომელიც სამი რაინდის და დიდი სიყვარულის ამბავს ჰყვება, რომელსაც მიაჩნია, რომ სიყვარულზე მაგარი ძნელად რომ რამე იპოვო და მოიპოვო, რომელიც კაცს იქამდე მიიყვანს, რომ ვეფხვს აკოცნინებს, რას უპასუხებდა ვინმეს, ვინც, ვთქვათ, ჰკითხავდა: როგორ ფიქრობ, ცხოვრება რა არის?
არ მითხრათ, რომ მაშინ ასეთი კითხვები არ არსებობდა. ქართველები არა ვართ? ჩამოსხდებოდნენ, ცოტას დალევდნენ და გულისთქმა, გულის ხმა.
გულისხმა მიხვედრას ნიშნავს ძველქართულად, თუ არ ვცდები. სახარებაში ასეა, "ვეფხისტყაოსანში" კი არ მახსოვს ეს სიტყვა. იქნება.

15 ივლისი

ასე, დაუსრულებლად შეიძლება.
ასეთი წიგნია. სხვა დროს გავაგრძელებ...

 

 ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.