უკვე ინდოეთშივე ჩანს, რომ ტარელს ნებელობის უნარი დაქვეითებული აქვს და გადაწყვეტილებათა მიღება ეძნელება. მას უჭირს ინიციატივის საკუთარ ხელში აღება, სატრფოს ნება-სურვილს ასრულებს და მეფე-დედოფლის იმ ჩანაფიქრის წინაშეც კი სრულ უძლურებას გამოამჟღავნებს, რომელიც დამღუპველია მისთვისაც და მისი გულისსწორისთვისაც. იგი მხოლოდ მას შემდეგ ამოქმედდება, როცა ნესტანი მკაცრად დატუქსავს და ასწავლის არა მარტო იმას, როგორ მოიქცეს, არამედ იმასაც, თუ რა პასუხი უნდა გასცეს ინდოთა მეფეს ხვარაზმშას ძის მოკვლის შემდეგ.
შინიდან გასვლის შემდეგ იგი თითქოს ინერციით ეძებს სატრფოს, მაგრამ მალე ძებნის სურვილი თუ იმედი ჩაუქრება და, მიუხედავად იმისა, რომ ნესტანის პოვნის დიდი ალბათობაა ზღვის წყლებში (ზღვაზე იხილავენ მას ფრიდონიცა და ფატმანიც), ამირბარი მაინც ნაპირზე გამოვა და თავის ამ საქციელს გრძნობიერი განცდით ახსნის: "ზღვა-ზღვა ცურვა მომეწყინაო", - ეტყვის იგი შემდგომში ავთანდილს.
ცოტა ხნის შემდეგ მას ფრიდონი სთავაზობს დახმარებას, მაგრამ როცა მულღაზანზარელი შიკრიკების პირველი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდება, ტარიელი დაიჩივლებს: "მაშა მე მისსა ამბავსა... აღარას მოველიო" და ნესტანთან ამქვეყნად შეხვედრის ყოველგვარ იმედს გადაიწურავს (ტარიელის მოსაზრება რომ გონივრული არ იყო, ავთანდილის მოქმედებათა გეგმითაც დადასტურდა: არაბი სპასპეტი სწორედ ფრიდონის მითითებულ კვალს გაჰყვა და თავისი ძიება გამარჯვებით დააგვირგვინა).
ტყედ გაჭრილ მიჯნურს მხოლოდ ასმათი მოაპოვებინებს ისეთ ძმადნაფიცს, რომელთანაც "სიახლესა და საუბარს" იგი ასე ნატრობდა ("ღმერთმან სხვამცა ეტლსა ჩემსა რაცა კაცი რად დაჰბადა, სიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა!"). შემდგომში იგი საერთოდ კარგავს სიცოცხლის სურვილს და საკუთარი ინიციატივითა და ძალისხმევით ვეღარაფერს აკეთებს, გზად გადაყრილი ცხოველებისა და უცნობების დაჭრა-დახოცვის მეტს. რომ არა ავთანდილის დიდი და მრავალმხრივი მცდელობა, უიმედო მიჯნური ლომ-ვეფხთან შებმის შემდეგ ცხოვრებისაკენ აღარც გამოიხედავდა. იგი საკუთარი მომავლის წარმართვას, საკუთარ ბედისწერასთან შერკინებას ახლა უკვე მთლიანად ახალშეძენილ მეგობარს გადააბარებს და ამიტომაც დინჯად მოისმენს და დაეთანხმება სპასპეტის დასკვნას: "შენ ვერას ირგებ, მე გარგებ, ძმა ძმისა უნდა ძმობილი!" აღსანიშნავია, რომ ამ დროს მისთვის, ავთანდილისაგან განსხვავებით, დიდად აღარ განირჩევა შინ და გარეთ ყოფნა: "ჩემთვის ყველაი სწორია, გაჭრა და გაუჭრელობა".
პოემის დასასრულისათვის, ნესტანის ადგილ-სამყოფელის პოვნის შემდეგ, ტარიელი თავს დაიხსნის ბურუსიდან, ვაჟკაცი რაინდი ისევ წამოიმართება და ქაჯეთის ციხის ბედს სწორედ მისი გეგმა და მისი შემართება გადაწყვეტს. ამრიგად, ინდოელი ჭაბუკის სუსტი ნებელობა სახლ-სამკვიდროს გარეთ თავის უკიდურეს ზღვრამდე მიდის, მაგრამ ამ უფსკრულიდან ამოსვლისას (ძმადნაფიცის შემწეობით) იგი გონებისა და გონებით წარმართული ძალის პატრონად გვევლინება. შინ დაბრუნებული ინდოთ მეფე კი ისე სამართლიანად განაგებს თავის ქვეყანას, რომ "ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს", ისეთ იდეალურ, ღმრთაებრივ წესრიგს დაამყარებს, რომ "შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს".
ამ დროს მის გვერდითაა ტყვეობიდან დახსნილი ნესტან-დარეჯანი, რომელმაც სახლს გარეთ ტანჯვისა და ამაღლების დიდი გზა განვლო.
მეფის ჟინიანი და თავდაჯერებული ასული მხოლოდ შინიდან შორს ყოფნისას გაამჟღავნებს მანამდე გამოუვლენელ თვისებებს -  ლმობიერებას, მამისა და სატრფოს თავგანწირვამდე მისულ სიყვარულს, სოფლის გაუტანლობის პირისპირ შეურყეველი დგომის უნარს; სწორედ არა შინ, - ზღვათა და ქაჯთა სამეფოში ახერხებს იგი სამყაროს ძირის ჭვრეტას.
თავის მამულში ნესტანი, თინათინისაგან განსხვავებით, არასად ჩანს - არც საუბრებში, არც წერილებში - ქვეყნიერების რაობაზე, სოფლის გაუტანლობასა და ბოროტების არსებაზე ჩაფიქრებულ ადამიანად, იგი სატრფოს ხან ხატაელთა დალაშქვრას ავალებს, ხან რიდისა და სამხრის გაცვლას შესთავაზებს, ხან დაარიგებს, როგორ მოიშოროს თავიდან მეტოქე და როგორ აიძულოს ფარსადანი, თავისი ხელით დააქორწინოს მიჯნურები. თუ ინდოეთში მეფის ასულის ინტერესები და პრობლემები ყოველდღიურობის ჩარჩოებში თავსდება, სახლს გარეთ იგი ზოგადობის ჩაწვდომას ცდილობს, გულდაგულ უტრიალებს კითხვას, თუ "სოფელი რათა საქმეთა მქმნელია", იგი მიმხვდარა, რომ სოფელი კრულია, რომელსაც "ბრძენნი იცნობენ, სწუნობენ, მით მათგან საწუნელია". ამსოფლიურზე მეტად მის მზერას მარადიული სასუფეველი იტაცებს, სადაც - მზის საუფლოში - მას სატრფოსთან შეხვედრა ეიმედება.
ინდოეთში ნესტანი ბრწყინვალედ შემოსილი ხვდება ხოლმე თავის მიჯნურს, ხან მწვანე და ხან ნარინჯისფერ სამოსში, მას თვალს მოსტაცებს ტარიელის ხატაური რიდე და ამირბარს მის დათმობას სთხოვს, მაგრამ სატრფოსა და სამშობლოს მოშორებული, იგი უარს ამბობს ყოველივე მიწიერზე:
"არად უნდის საბურავი, არცა წოლა საგებლითა, 
მიწყივ იყვის რიდითა და მით ერთითა ყაბაჩითა,
მკლავი მისი სასთაულად მიიდვის და მიწვის მითა,
ძლივ ვაჭამი ცოტა რამე ათასითა შეხვეწითა",
- იხსენებს ფატმანი.
შინ უკიდურესად მომთხოვნი ნესტანი გულანშაროში სრულ გულგრილობასა და მორჩილებას ამჟღავნებს. როდესაც მისი აუღელვებლობით გაოცებული მელიქ-სურხავი იტყვის: "ან ვისიმე მიჯნურია", "ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი"-ო, ორივე ვარაუდი სწორია – იგი თავის ქვეყანაში ჭკვიან, მაგრამ არა იმდენად შორსმჭვრეტელ ქალად ჩანს, გარეთ კი უკვე სიბრძნის იმგვარ სიმაღლემდე ასულ პიროვნებად გვევლინება, რომელსაც "არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედაზედი; ვით ზღაპარი, ასრე ესმის უბედობა, თუნდა ბედი, სხვაგან არის, სხვაგან ფრინავს, გონება უც, ვითა ტრედი".
ინდოეთში მის განრისხებას საზღვარი არა აქვს, როცა გაიგებს, რომ ხვარაზმშას ძეზე დაქორწინებას უპირებენ და დაუყოვნებლივ გადაწყვეტს, მოაკვლევინოს არასასურველი სასიძო, ზღვათა სამეფოში კი იგი მორჩილად მიდის ხელმწიფის კარზე, სადაც იგი – სასძლოდ გამზადებული – საზრიანობითა და მოხერხებით დაიხსნის თავს.
სამშობლოში მყოფი მეფის ასული ადვილად ავალებს მიჯნურს სახიფათო საქმეებს, ქაჯეთის ციხიდან კი დაჟინებით თხოვს მას, სატრფოს გამოხსნაზე არაფერი იფიქროს, რათა თავი საფრთხეში არ ჩაიგდოს.
თუ გრძნობადი და ზეგრძნობადი სამყაროს ავთანდილისეული წვდომის ყველაზე მაღალი გამოვლინება – მისი ანდერძი არაბეთიდან გაპარვის წინ – შინიდან გასვლის პირველ ნაბიჯზეა დაწერილი, დატყვევებული ნესტანის წერილი მიჯნურისადმი – მისი სულიერი ზეაღსვლის ჭეშმარიტი ნიშანსვეტი – იწერება შინიდან შორს, ქაჯეთის ციხეში, როცა "ქალი, მსგავსი მზეთა ორთა", ყოველმხრივ უკიდურესად დაშორებულა საკუთარ ციხე-კოშკს.
ამ წერილის წაკითხვის შემდეგ, რომელშიც აშკარად არეკლილა, რომ მისი დამწერი სიბრძნეს ჰზიარებია, შინაგანი წონასწორობა მოუპოვებია და მძვინვარე ვეფხის ხატისაგან განთავისუფლებულა, ტარიელი თამამად გაიხდის ვეფხის ტყავს, რომელიც ინდოელ ამირბარს სატრფოს მოსაგონებლად ემოსა და ქაჯთა მძლეველი აბჯრით აღიკაზმება.
ამიტომაც, "ვეფხისტყაოსანი" მოგვითხრობს ვეფხის ტყავის ჩაცმისა და გახდის შესახებ, ინტელექტის მიერ ინსტიქტების დაძლევისა და მყისიერი გრძნობების მოთოკვის შესახებ. გარეთ გასულ ტარიელს, რომელსაც ვეფხის ტყავი შეუმოსავს, ინსტიქტური ძალები იმორჩილებენ, ნესტანი კი, რომელიც შინ პირგამეხებულ ვეფხად წარმოუდგა მნახველს, გარეთ ყოველგვარ ინსტიქტურსა და იმპულსურს დაძლევს. როცა ამის შემდეგ ტარიელიც იპოვის ძალას, ყური მიუგდოს გონიერ საწყისს და გამარჯვებული გამოვიდეს ყველაზე ძნელი – საკუთარ თავთან ბრძოლიდან, მიჯნურები კვლავ ხვდებიან ერთმანეთს, რაც, რუსთველის ხედვით, კოსმოსის აღდგენის ტოლფასია:
"ნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა".
"ვეფხისტყაოსნის" გმირები ტოვებენ სახლ-კარს, გადიან გარეთ და იმის შემდეგ, როცა შეიცნობენ და მოიპოვებენ საკუთარ თავს, შინ ბრუნდებიან.

თბილისი, 1993 წ.


P.S. დიდი წიგნები დიდ საიდუმლოს შეიცავენ, რომელთა საბოლოო და ერთმნიშვნელოვანი ამოხსნა ფაქტობრივ შეუძლებელია. ყოველი თაობა (ან თუნდაც პიროვნება) კლასიკურ ტექსტთან თავის საგანგებო დიალოგს მართავს, – საკუთარ კითხვებს უსვამს მას და აუცილებლად შესაბამის პასუხებს იღებს. "ვეფხისტყაოსანი" ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის მთავარი და საფუძველმდები წიგნია, რომლის ამოხსნის, ჩაწვდომის, საბოლოო გაგების პერსპექტივები ამოუწურავ მომავალში უჩინარდება. "ვეფხისტყაოსნის" გმირთა შინ და გარეთ ყოფნის შესახებ ცხრა წლის წინანდელი ჩანაწერების მკითხველისათვის დღეს უცვლელად შეთავაზება, შესაძლოა, არცთუ საკმარისად მოტივირებულ სითამამედ იქნეს აღქმული, მაგრამ ამ სტრიქონებს არამარტო ისტორიული ღირებულება აღმოაჩნდა, რომელშიც XX საუკუნის ბოლო ათწლეულის ქართული რუსთველოლოგიის (და საზოგადოების) კითხვათა სიმწვავე აირეკლა, – ნაპოვნმა პასუხებმა, ავტორისთვისაც მოულოდნელად, თაობის (ან თუნდაც პიროვნული) მომავლის წინასწარი ხედვის უნარი გამოავლინა, იმ მომავლისა, რომელიც ცხრა წლის შემდეგაც მომავლად რჩება და თავის ჩრდილს სცემს და ამჩნევს XXI საუკუნის პირველ წლებსაც. სავალდებულო მოკრძალების გარეშეც აშკარაა, რომ ზემორე ჩანაწერთა ავტორის წვლილი და დამსახურება აქ მინიმალურია: დიდი წიგნები, რა თქმა უნდა, არა მარტო ტრადიციასთან უშუალო შეხების ხელგაშლილ საშუალებას იძლევა, – მათში ხომ ყოველთვის იდუმალი წინასწარმეტყველების უწყებაცაა შეფარული.


ჟურნალი "ლიტერატურა და ხელოვნება", N1, 2002. 

 

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.