აკაკი ბაქრაძე

წიგნიდან, "აკაკი ბაქრაძე სკოლას"; თბილის, 2008 წ.  

"ვეფხისტყაოსანში" ყველა სიბრძნე უმთავრესად ავთანდილის პირით არის გაცხადებული. გარდა ამისა, ავთანდილის მოქმედება კიდევ უფრო ავსებს და ავითარებს იმას, რასაც იგი, როგორც პერსონაჟი, ამბობს. ამდენად, ჩვენს წინაშეა უაღრესად ღრმა, მრავალპლანიანი პერსონაჟი, რომლის ყველა ქმედებას, ყველა საქციელს, ყველა სიტყვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მეტადრე, თუ გავითვალისწინებთ იმას, რას, როგორ და რანაირად მიესწრაფის ავთანდილი.
როგორც კარგად არის ცნობილი, "ვეფხისტყაოსანი" ძირითადად ორი ფენისაგან შედგება. ერთი ფენა პირობითად შეიძლება მოვიხსენიოთ ტარიელის თავგადასავლად და მეორე ფენა – ავთანდილის თავგადასავლად და როდესაც ეს ორი ფენა ერთმანეთს გადაეჯაჭვება, უკვე მთლიანობაში, მოქმედებაში, თვითონ სიუჟეტის მსვლელობაში ჩანს ის ორი ძირითადი აზრი და სიბრძნე, რომლის მატარებელიც "ვეფხისტყაოსანია".
მაგრამ თუ ტარიელის დახატვისას ავტორს მაინც შედარებით ერთი მიმართულებით მიჰყავს მოქმედება და ერთპლანიანად ხატავს ამ პერსონაჟს, სრულიად სხვაა ავთანდილი. მისი მოქმედება ყოველთვის შეესაბამება იმ კონკრეტულ ვითარებას, იმ კონკრეტულ სიტუაციას, რომელშიაც მას უხდება მოქმედება. ამ მხრივ ის უაღრესად საინტერესო პიროვნებაა არა მარტო ქართული ლიტერატურისა, არამედ საკაცობრიო ლიტერატურისა და განსაკუთრებით იმ ეპოქის მწერლობისა, რომელშიაც "ვეფხისტყაოსანი" დაიწერა, რადგან ასეთი მრავალმხრივობა ხასიათისა, ასეთი მრავალმხრივობა მოქმედებისა იმდროინდელ ლიტერატურაში, თუ არ ვცდები, არცკი შეიძლება შეგხვდეს სადმე, რადგან მაშინ მაინც ავტორები მიმართავდნენ მოქმედების ერთპლანიანობას, ერთი მიმართულებით მიმდინარეობდა სიუჟეტის განვითარება და მოქმედების ლოგიკაც ერთი იყო პერსონაჟისათვის. იმას, რასაც ავთანდილთან შეხვდებით, შეხვდებით მხოლოდ მე-18 საუკუნის ბოლოს ან შემდეგ, მე-19 საუკუნის ლიტერატურაში, ანდა უკვე ჩვენს დროში, როდესაც ადამიანი წარმოდგენილია მისი მრავალმხრივი შინაგანი სამყაროთი და მრავალმხრივი ქმედებით. ამიტომ ეს არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან ავთანდილის ანალიზისას, მით უფრო, რომ მას დღევანდელობისთვისაც აქვს მნიშვნელობა. იგი დღევანდელობის გაკვეთილიც გახლავთ.
ავთანდილი სავსეა როგორც სულიერებით, ისე ნივთიერებით. იგი სულიერების განსახიერებაა, მაგრამ მისი მონა არ არის. თუ საჭიროა, იგი მაშინვე იყენებს ნივთიერებას, მაგრამ არც მას მორჩილებს. სიყვარულის, მეგობრობის, შეწყალების ქადაგი და პრაქტიკულად განმხორციელებელიც ერთი წუთითაც არ დაფიქრდება, ძალადობის ან მკვლელობის აუცილებლობა თუ დაინახა. "ვეფხისტყაოსნის" მთელი სიბრძნე ძირითადად ავთანდილის პირით არის გაცხადებული, მაგრამ ამ ბუნება-ზეარსმა (რუსთაველის სიტყვაა) კაცმა მაშინვე სტაცა ასმათს თმებში ხელი, როგორც კი ხვეწნამ და ტკბილმა სიტყვამ არ გასჭრა. არც მაშინ უყოყმანია ავთანდილს, როცა ფატმანის საყვარელი ჭაშნაგირი მოჰკლა, რაკი სხვა გამოსავალი არ იყო. ავთანდილი იმიტომაც იმარჯვებს, რომ მას არ დაურღვევია წონასწორობა სულიერებასა და ნივთიერებას შორის, სულსა და ხორცს შორის.
ავთანდილი რომ არ იყოს, არაფერი განვითარდება და პოემის სიუჟეტი ერთ ადგილზე გაჩერდება, რადგან ყველა დანარჩენი პერსონაჟი თავისი პირადი გრძნობებით და პირადი ვნებებით იმდენად ღრმად არის შეპყრობილი, რომ უჭირს საღი განსჯა. ვთქვათ, თუნდაც ტარიელი, რომელიც იმ უბედურებამდე (ნესტანის დაკარგვამდე) სრულიად საღად ფიქრობს, მსჯელობს, აზროვნებს და მოქმედებს, ნესტანის დაკარგვის შემდეგ კარგავს წონასწორობას, არსებითად ბრმა გრძნობით არის შეპყრობილი და სწორი განსჯა უჭირს.
ავთანდილი არცერთ ასეთ ვითარებაში არ იბნევა: ყოველთვის პოულობს იმ სვლას, რომელიც აუცილებელია მიზნის მისაღწევად. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ბოროტების სამყარო, ქაჯეთის სახით წარმოდგენილი, შეიძლება დაინგრეს მხოლოდ მაშინ, როდესაც მას დაუპირისპირდება ავთანდილის სიბრძნე და გონიერება. მხოლოდ ავთანდილს შეუძლია ამ უზარმაზარი ბოროტების სამყაროს დანგრევა და ნესტანის გათავისუფლება. "ვეფხისტყაოსნის" ძირითადი იდეაც - "შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს", გაპირობებულია მხოლოდ ავთანდილის გონიერებით. ამ სამყაროს მხოლოდ მაშინ მიაღწევს ადამიანი, როდესაც იგი აღჭურვილია იმ სიბრძნითა და გონიერებით, ამავე დროს, იმ პრაქტიციზმითაც, ავთანდილს რომ ახასიათებს. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ღრმა მოაზროვნე, ღრმა ფილოსოფოსი, რომელიც ჭვრეტით ფლობს სამყაროს. არა, მან იცის, ეს ფილოსოფია როგორ უნდა გამოიყენოს კონკრეტულ სინამდვილეში, პრაქტიკულად როგორ მიაღწიოს იმის განხორციელებას, რაც მას თეორიულად წარმოუდგენია. ამიტომ მასში განხორციელებულია პრაქტიკოსის და ბრძენის ერთიანობა. აქედან გამომდინარეობს ის ძალა, რომელიც მას აქვს და რომელიც მიმართულია ბოროტის წინააღმდეგ დასამკვიდრებლად კეთილისა. თუ მომეტებულ ფანტაზიორობად არ ჩამომერთმევა, ავთანდილის ცოცხალ პროტოტიპად დავით აღმაშენებელს მივიჩნევდი. ამ კაცმა უდიდესი პრაქტიკული საქმეც განახორციელა და სულიერებით სავსე ჰიმნიც დაწერა. დიდი საქართველოს აღმაშენებელ ხელმწიფეს შეუძლებელია უამრავი ისეთი საქმე არ გაეკეთებინა, რასაც ნივთიერების გამოვლენად, ხორცის სამსახურად მივიჩნევდით და ისიც დაუჯერებელია, რომ "გალობანი სინანულისანი" დაეწერა ადამიანს, ვინც სულიერების მწვერვალებს არ იყო მიმწვდარი. მაგრამ დავით აღმაშენებელმა ავთანდილივით ზუსტად იცოდა, როდის უნდა ყოფილიყო სულიერების ტრფიალი და როდის – ნივთიერების.
მე მგონია, როცა სულიერებისა და ნივთიერების შერწყმა- შეერთებაზეა ლაპარაკი, ეს ორი პიროვნება – ერთი რეალური და ისტორიული, მეორე კი შეთხზული – განსაკუთრებული დაკვირვების საგანი უნდა გახდეს. თუ კლასიკური ხელოვნების მთავარ ნიშან-თვისებას ქართულმა მწერლობამ რაიმე შემატა, ეს ავთანდილის სახეა.
თუ ინდოეთი კაცობრიობის სულიერი განგია, ქართული განგიც თუ სულიერებისა და ნივთიერების შერწყმის ის ჰარმონიაა, რომელსაც ავთანდილი ავლენს. მე არ მეგულება მეორე პერსონაჟი ქართულ ლიტერატურაში, რომელიც ავთანდილივით ჰარმონიულად ათავსებდეს ერთმანეთთან სულიერებასა და ნივთიერებას, ამით არის იგი ბუნება-ზეარსი. ჩვენს ლიტერატურაში, სამწუხაროდ, ამგვარი ფართო მასშტაბის პერსონაჟი, ასე ღრმა შინაარსის მქონე პერსონაჟი, "ვეფხისტყაოსნის" შემდეგ აღარ დახატულა, მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ლიტერატურამ დახატა ისეთი პერსონაჟი, როგორიც არის ვაჟას მინდია. ქართულმა ლიტერატურამ დახატა სიბრძნის უმაღლესი განსახიერება მინდიას სახით, მაგრამ აბსტრაქტული სიბრძნის განსახიერება, რომელიც რეალურ სინამდვილეში ვერ პოვებს განხორციელებას და აქედან, ბუნებრივია, იბადება მისი სიკვდილის აუცილებლობა. და ვაჟას მინდიაც თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს. მიზეზი ამისა მკაფიოა: მინდიას სიბრძნე და სინამდვილე შეუთავსებელია, მა- შინ, როდესაც ავთანდილის სიბრძნე და სინამდვილე შეიძლება შეთავსდეს და თავსდება კიდეც. ავთანდილის სიბრძნე პრაქტიკული სიბრძნეც არის. ამით აღემატება ის მინდიას, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც გითხარით, მინდიასათვის დამახასიათებელია ის კოსმოსური სიყვარული, რაც გაოცებს ადამიანს, როდესაც "გველისმჭამელს" კითხულობ. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი არის ჭვრეტაში, აბსტრაქციაში და არა  – რეალობაში.
ჩვენი ცხოვრებაც და ლიტერატურული საქმიანობაც რატომღაც ორი მიმართულებით წარიმართა და ალბათ, ამის მიზეზი ჩვენი რეალური სინამდვილეა, ჩვენი ისტორიაა. ავთანდილი ერთი მიმართულებით განვითარდა – როგორც პრაქტიციზმი კვაჭი კვაჭანტირაძის სახით და მეორე მიმართულებით – როგორც სიბრძნე მინდიას სახით. როგორც ერთი, ისე მეორე რეალობას სრულიად მოკლებულია, რადგან ერთი არის მხოხავი ემპირიზმის (აქ: სულიერ ღირებულებებს მოკლებული ეგოისტური ქმედება). წარმომადგენელი – კვაჭი კვაჭანტირაძე, რომელსაც თავისი სამყაროს მეტი არაფერი აინტერესებს, რომელიც მხოლოდ უარსაყოფი, ბნელი პიროვნებაა თავისი შინაგანი სამყაროთი და მხოლოდ და მხოლოდ პრაქტიციზმის მონაა და მეორე – მართალია, უდიდესი სიბრძნითაა აღჭურვილი, მაგრამ აბსტრაქციონისტი და განუხორციელებელი სიბრძნის მატარებელია იმის გამო, რომ მას პრაგმატიზმთან კავშირი არ აქვს. ამ მხრივაც არის საყურადღებო ავთანდილი. და თუ ჩვენ მას, როგორც გარკვეულ მაგალითს, შევადარებთ სხვა პერსონაჟებს მთელი ქართული მწერლობის ისტორიიდან, დავინახავთ, რომ ის უნიკალური პიროვნებაა. ჩემი აზრით, სწორედ აქ ჩანს ყველაზე მეტად და ფართოდ რუსთაველის, როგორც ავტორის, სიბრძნე და სიდიადე. რუსთაველმა იცის, რომ ცალკე პრაქტიციზმი მხოლოდ ემპირიულ მხოხავ ჭიებს ბადებს, ცალკე აბსტრაქციონიზმი მაღალ ადამიანებს, მაგრამ უუნაროს პრაქტიკული ცხოვრებისათვის, ამდენად, უშედეგოს თავიანთ საქმიანობაში. ამათი შერწყმაა საჭირო და ამ შერწყმაში უნდა განხორციელდეს სიბრძნეც, გონიერებაც, კეთილშობილებაც, მაღალი ზნეობაც. ამიტომ არის, ჩემი თვალსაზრისით, ავთანდილი განსაკუთრებული პერსონაჟი არა მარტო ქართული მწერლობისა, არამედ საკაცობრიო მწერლობისაც. იმისათვის, რომ ერთმანეთთან შეეკავშირებინა სიბრძნე და პრაქტიციზმი, სერვანტესს ორი კაცი დასჭირდა – დონ კიხოტი და სანჩო პანსა, რადგან ვერ წარმოედგინა ერთ კაცში გაერთიანებული ეს ორივე უნარი, რუსთაველმა წარმოიდგინა და ერთ კაცში განახორციელა ეს. რაც მთავარია, როდესაც თქვენ "ვეფხისტყაოსანს" კითხულობთ, არასოდეს გიჩნდებათ ავთანდილის მიმართ რაიმე ხინჯი, გულნატკენობა, მკითხველში არ რჩება ემოციური უკმაყოფილება. მკითხველი იმთავითვე, პირველი სტრიქონიდან უკანასკნელ სტრიქონამდე ავთანდილის ემოციური თაყვანისმცემელია, ავთანდილის მიმართ ემოციური ინტერესი, ემოციური სიყვარული არ ქრება. აი, ეს არის, ჩემი აზრით, რუსთაველის კიდევ ერთი დიდი ძალა. ძალიან ძნელია, მსოფლიო ლიტერატურაში დაასახელო მხატვრული ნაწარმოები, სადაც ადამიანი ადამიანს კლავდეს და მკვლელის მიმართ გულში რაიმე ხინჯი არ გაუჩნდეს მკითხველს. ავთანდილი, როგორც პერსონაჟი, განსაკუთრებული მოვლენაა ჩვენს ლიტერატურაში და ამიტომ მას ღრმა ანალიზი და ღრმა შესწავლა სჭირდება. გარდა ამისა, ავთანდილი არის ის ორიენტირი, რომელიც შეიძლება ყველა გასაჭირში და ყველა რთულ ისტორიულ ვითარებაში გარკვეულ მაგალითად, გარკვეულ გეზის მიმცემად გამოადგეს ჩვენს საზოგადოებას. მე მხედველობაში მაქვს დღევანდელი ვითარებაც, როდესაც საქართველოში მძიმე, სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს ეროვნული თავისუფლებისათვის. ჩვენთვის ავთანდილს განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს, აი, ამ ვითარებაში, რადგან ის ძალიან მკაფიოდ და ნათლად გვასწავლის, როგორ და რანაირად შეიძლება იყოს გამოყენებული მისი სიბრძნეც და პრაქტიციზმიც, ანუ უნარი, ყველა კონკრეტულ ვითარებაში იპოვოს გამოსავალი და იპოვოს გზა ხსნისა. თუ ჩვენ გავყვებით ავთანდილის გზას, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, რომ იდეალს, რომელიც რუსთაველმა "ვეფხისტყაოსანში" დასახა, მივაღწევთ, ესე იგი, შევქმნით სამყაროს, სადაც ადამიანთა საზოგადოებას შეეძლება, წყნარად, მშვიდად იცხოვროს; ერთი სიტყვით, ისე, როგორც ბიბლიაშიცაა ნათქვამი და, კერძოდ "ვეფხისტყაოსანშიც", რომ თხამ და მგელმა ერთად მოძოვოს. ქართველ ხალხს მისი გრძელი ისტორიის მანძილზე სამი დიდი წიგნი ჰქონდა სიბრძნის სასწავლად და გზამკვლევად. ეს წიგნები გახლავთ – "ბიბლია", "ვეფხისტყაოსანი" და "ქართლის ცხოვრება". ამ სამ წიგნს ეყრდნობა ქართული კულტურა, ქართველი ხალხის ისტორიული ყოფა და ცხოვრება. მომავალშიც ამ სამ წიგნს უნდა დაეყრდნოს ჩვენი ხალხის არსებობა. თუ ჩვენ ყველაფერ ამას მკაფიოდ და კარგად განვჭვრეტთ, გავითვალისწინებთ, ჩავწვდებით და გავიგებთ, რაშია და როგორ არის საქმე, მაშინ მკაფიოდ დავინახავთ, რა ძალის პატრონები ვართ სულიერად და ბუნებრივია, რომ ამ ძალის გათვალისწინებით ყველა იდეალის განხორციელება შეგვიძლია და ამ იდეალის დროშაზე, ჩემი აზრით, ისეთი პიროვნება უნდა ეხატოს, როგორიც "ვეფხისტყაოსნის" ავთანდილია.

 

არტურ ლაისტი

ძველია პოეტური თხზულება "ვეფხისტყაოსანი", ის იცოხლებს მარად, როგორც უკვდავი ძეგლი საქართველოს ცხოვრებისა, როგორც სარკე რუსთველის დროინდელი ქართველების მსოფლმხედველობისა და ზნეობისა,როგორც კულტურულ მისწრაფებათა შთაგონების წყარო.
..."ვეფხისტყაოსანის" მნიშვნელობა ზნეობრივ, გონებრივსა და მხატვრულ ღირსებაშიმდგომარეობს.
...ვერავინ შეძლებს იმის უარყოფას,რომ "ვეფხისტყაოსანი" თავისი სულით, მსოფლმხედველობით, ზნეობრივი პრინციპებითა და შეხედულებებით ქართული ქმნილება იყოს. ამიტომ გასაგებიც არის ის ადგილი, რომელიც მან დაიმკვიდრა ქართველთა ცხოვრებაში

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.